სტუდენტური კონტრ–ფორუმი ,,განათლების მეორე მხარე”

22Oct11

‘ჩვემ გვინდა სტრუქტურები ემსახურებოდნენ ხალხს და არა ხალხი სტრუქტურებს’

პარიზი, 1968 წელი

კიევში 22 სექტემბერს ჩავფრინდით კონტრ–ფორუმზე დასასწრებად, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების მინისტრთა ფორუმის პარალელურად უნდა ჩატარებულიყო. ფორუმზე იგეგმებოდა მინისტრთა მიერ აქამდე გატარებული რეფორმებისა და სამომავლო 10 წლიანი გეგმის შეფასება– შემუშავება, რომელიც, კონტრ–ფორუმის ორგანიზატორთა ვარაუდით, კომერციალიზაციით, საბიუჯეტო შემცირებებითა და უნივერსიტეტის მმართველობის მკაცრი ცენტრალიზაციით დასრულდებოდა. სახელმწიფო აპარატს განსაკუთრებული სიფრთხილე და შიში ეტყობოდა, რადგანაც ეს აქცია მკვეთრად განსხვავდებოდა უკრაინაში აქამდე გამართული აქციებისგან, ეს იყო აქცია არა იდენტობის, არამედ სოციალური, კლასობრივი მოთხოვნებით, რაც სრულიად ახალი ხილია პოსტ საბჭოთა საზოგადოებებისთვის.

საქართველოსგან განსხვავებით , სადაც მასობრივი პრივატიზაციის მეორე ტალღამ უკვე ჩაიარა, უკრაინა მხოლოდ ახლა ადგას ამ გზას. ხალხში იგრძნობა ღრმა უკმაყოფილება, თუმცა არსებული პოლიტიკური აქტორების უუნარობის გამო ვერ ხდება მისი არტიკულირება შესაბამის პოლიტიკურ იდეოლოგიაში, ამას ემატება ის დიდი იმედგაცრუება, ნიჰილიზმი და ინდიფერენტულობა, რომელიც დრო და დრო დაინერგა საზოგადოებაში და ხელს უშლის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალის მქონე მოძრაობის გაჩენას, თუმცა, ჩვენი უკრაინელი თანამებრძოლები თავიანთი რუტინული , ყოველდღიური მუშაობით, ბრძოლითა და შემართებით ცდილობენ დაძლიონ არსებული განწყობები, შეძლონ შეუძლებელი და უბრალო ადამიანებთან ერთად შეცვალონ ძალადობასა და ჩაგვრაზე დამყარებული კლასობრივი საზოგადოება უკეთესი, უფრო სამართლიანი საზოგადოებით.

“პირდაპირი მოქმედება”, უკრაინული სტუდენტური პროფკავშირია, რომელიც 3 წელია რაც არსებობს და უკვე საკმაოდ აქტიურად იბრძვის სტუდენტების და არა მარტო სტუდენტების უფლებების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა უკრაინის მოსახლეობისათან შეფარდებით არც ისე დიდია, ისინი წლიდან წლამდე იზრდებიან და შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, რის ნათელ მაგალითადაც

შეგვიძლია სწორედ მათ მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონტრ ფორუმი ავიღოთ, რომელიც , ხარვეზების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული გამოდგა და საზოგადოებისგან კარგი შეფასებებიც დაიმსახურა (მიუხედავად მედიის წარმომადგენლების სრული არაპროფესიონალიზმისა ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ისინი ნებით ან უნებლიედ ვერ არკვევდნენ აქციის მიზანს).

ჩასვლიდან მეორე დღესვე პირველი დიდი აქცია გაიმართა, მილიციასთან შეტაკებებითა (მაინც მოახერხეს ჩვენი პროვოცირება) და დაპატიმრებებით, ისმოდა ემოციური შეძახილები თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ეს კი ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მსგავსად ორგანიზებული და დამუხტული აქციები არ გვქონია ჯერ-ჯერობით თბილისში.

მიუხედავად მილიციის მცდელობებისა, აქციის მონაწილეებმა შეძლეს და არ აყვნენ ემოციებს, გააგრძელეს მსვლელობა მიხაილოვის მოედნისკენ, სადაც ახალგაზრდების ნაწილმა წრე შეკრა და გამომსვლელებს უსმენდა . თემები უამრავი იყო, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობებიდან დაწყებული, თეორიული საკითხებით დამთავრებული. იქვე ახლოს, სტუდენტების ნაწილმა ხატვა დაიწყო – მათ აშკარად ეტყობოდათ ადრეული საბჭოთა ავანგარდის გავლენა, ჩვენც, ჩვენი მხრიდან ქართულენოვანი ტრანსფარანტი გავაკეთეთ, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია თავისი გაურკვეველი ანბანით. იქვე რიგდებოდა “პირდაპირი მოქმედების” გაზეთები, ჟურნალები და სხვა ატრიბუტიკა.

 

კიევში ყოფნის მეორე დღეც მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა მესამე დღე უფრო საინტერესო და ამავდროულად დრამატული აღმოჩნდა. აქციის დაწყებამდე , მიხაილოვის მოედანზე, პატარა ბაღში შევიკრიბეთ, უკრავდნენ რევოლუციურ სიმღერებს, აკეთებდენ შეძახილებს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, გარემო ყველანაირად ხელს გიწყობდა იმისათვის, რომ რევოლუციურ განწყობაზე დამდგარიყავი. მილიციას თადარიგი უკვე დაჭერილი ჰქონდა, ისინი იქვე შორიახლოს, კოლონებად იყვნენ განლაგებულები.

მსვლელობა დაიწყო, მილიციამ არ დააყოვნა და სწრაფად გადაკეტა ყველა გზა, რომელიც განათლების მინისტრთა ფორუმის ადგილსამყოფელისაკენ მიდიოდა. აქციის მონაწილეებმა , მცირეხნიანი სკანდირების შემდეგ, ალტერნატიული გზით სცადეს დანიშნულ ადგილამდე მიღწევა, თუმცა მილიციამ და სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს ახალგაზრდები და რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ალყის დატოვების საშუალებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინული მილიცია და სპეცრაზმი გაცილებით ჰუმანური ჩანდა ქართულ პოლიციასთან და სპეცრაზმთან შედარებით, რომლებიც უკანასკნელი აქციის დარბევისას არაადამიანური სისასტიკით გაუსწორდნენ გაცილებით მცირე რაოდენობის აქციის მონაწილეებს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.

სტუდენტები ყველა აქციაზე სკანდირებდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს, რომლებიც უკრაინული საზოგადოებისთვის სრულიად ახალ შინაარსებს შეიცავდა და აქცენტს აკეთებდა როგორც ცალკეულ სტუდენტურ მოთხოვნებზე, ასევე უფრო ფართო, ზოგად კლასობრივ მოთხოვნებზეც:

,,განათლება არ არის საქონელი, უნივერსიტეტი არ არის ბაზარი!” ,,თავისუფლება, თანასწორობა, სტუდენტური სოლიდარობა!” ,,ნაკლები ეკონომია, მეტი ავტონომია” ,,ძირს მინისტრები! ძირს კაპიტალისტები!” ,,ერთადერთი გამოსავალი – წინააღმდეგობა!” ,,არა ფაშიზმს! არა კაპიტალიზმს!” ,,თქვენ ჩვენ კორუფციას, ჩვენ თქვენ რევოლუციას!”

 

ყველაზე სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ რუსმა და ქართველმა სტუდენტებმა აქციაზე ერთად დგომით დავამტკიცეთ ელიტების შექნილი მითის სრული უსურობა, რომლებიც ეროვნული შუღლის გაღვივებით ცდილობენ საკუთარი ძალაუფლებების შენარჩუნებას. ორივე ქვეყანაში, ნაციონალისტურ სენტიმენტებზე მანიპულირებით ხალხის ყურადღება სოციალური საკითხებიდან “მტრის ხატზე”გადააქვთ . მათთან ურთიერთობისას გავაკრვიეთ, რომ რუს და ქართველ სტუდენტებს, უამრავი საერთო და ამავდროულად ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს განათლების სისტემაში, რომელთა გადაფარვასაც თითქმის იდენტური მეთოდებით ცდილობენ.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, სტუდენტური მოძრაობები მთელ პოსტ საბჭოთა სივრცეში იქმნება და დღითი დღე იკრებენ ძალებს. ფაქტია, რომ პროცესი დაიწყო.

ეს აქციები არ არის ლოკალური. რამდენიმე თვეა , რაც მსოფლიო მოიცვა საპროტესტო აქციებმა, ამერიკით დაწყებული, უკრაინით დამთავრებული – ყველგან არის განცდა იმისა, რომ სისტემა არ მუშაობს ადამიანზე და პირიქით, სისტემა – რომელიც კონკრეტულ პრივილეგირებულ ძალებს ემსახურება – ცდილობს ადამიანის თავის თავზე მორგებას, მის გაუცხოვებას სისტემისა და საზოგადოებისაგან, უქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც ადამიანს ორი გზა აქვს : ჩავარდეს აპათიაში და შეეგუოს, როგორ აბამენ თოკებს, ციხეს ურთავენ თეატრის დეკორაციებით და აქცევენ ერთი დიდი სპექტაკლის მაყურებლებად, სადაც ხარ თავისუფალი გააკეთო ორ “არჩევანს” შორის ერთ ერთი და ეს არჩევანი – ან კონფორმიზმია ან სპექტაკლიდან გაქცევა.

ჩვენ ვამჯობინებთ ბრძოლას : დარჩენას სპექტაკლში, რომელიც, ჩვენი ენთუზიაზმით, შესაძლოა პოზიტიურმა რეალობამ ჩაანაცვლოს.



One Response to “სტუდენტური კონტრ–ფორუმი ,,განათლების მეორე მხარე””

  1. უფლებებს არ იძლევიან უფლებებს იღებენ!

    გაუმარჯოს ქართულ და ინტერნაციონალურ სტუდენტურ ფრონტს!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s


%d bloggers like this: