პირველ ნოემბერს, 18:00 საათზე ბიოლის ფონდში გაიმართა ლაბორატორიის გაფართოებული შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მისვლა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში საათნახევარი გაგრძელდა, სადაც განიხილებოდა ის პრობლემები რომელთა წინაშეც ჩვენ, სტუდენტები და ლექტორები, დღეს ვდგავართ და ის სამომავლო გეგმები, რომელთა მიღწევისთვის ჩვენ კოორდინირებულად ვიმუშავებთ. ყველა, ვისაც სურს მოძრაობის საქმიანობაში ჩართვა, გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე: laboratoria1918@gmail.com და გვესტუმრეთ ფეისბუქზე http://www.facebook.com/laboratory1918


‘ჩვემ გვინდა სტრუქტურები ემსახურებოდნენ ხალხს და არა ხალხი სტრუქტურებს’

პარიზი, 1968 წელი

კიევში 22 სექტემბერს ჩავფრინდით კონტრ–ფორუმზე დასასწრებად, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების მინისტრთა ფორუმის პარალელურად უნდა ჩატარებულიყო. ფორუმზე იგეგმებოდა მინისტრთა მიერ აქამდე გატარებული რეფორმებისა და სამომავლო 10 წლიანი გეგმის შეფასება– შემუშავება, რომელიც, კონტრ–ფორუმის ორგანიზატორთა ვარაუდით, კომერციალიზაციით, საბიუჯეტო შემცირებებითა და უნივერსიტეტის მმართველობის მკაცრი ცენტრალიზაციით დასრულდებოდა. სახელმწიფო აპარატს განსაკუთრებული სიფრთხილე და შიში ეტყობოდა, რადგანაც ეს აქცია მკვეთრად განსხვავდებოდა უკრაინაში აქამდე გამართული აქციებისგან, ეს იყო აქცია არა იდენტობის, არამედ სოციალური, კლასობრივი მოთხოვნებით, რაც სრულიად ახალი ხილია პოსტ საბჭოთა საზოგადოებებისთვის.

საქართველოსგან განსხვავებით , სადაც მასობრივი პრივატიზაციის მეორე ტალღამ უკვე ჩაიარა, უკრაინა მხოლოდ ახლა ადგას ამ გზას. ხალხში იგრძნობა ღრმა უკმაყოფილება, თუმცა არსებული პოლიტიკური აქტორების უუნარობის გამო ვერ ხდება მისი არტიკულირება შესაბამის პოლიტიკურ იდეოლოგიაში, ამას ემატება ის დიდი იმედგაცრუება, ნიჰილიზმი და ინდიფერენტულობა, რომელიც დრო და დრო დაინერგა საზოგადოებაში და ხელს უშლის ძლიერი წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალის მქონე მოძრაობის გაჩენას, თუმცა, ჩვენი უკრაინელი თანამებრძოლები თავიანთი რუტინული , ყოველდღიური მუშაობით, ბრძოლითა და შემართებით ცდილობენ დაძლიონ არსებული განწყობები, შეძლონ შეუძლებელი და უბრალო ადამიანებთან ერთად შეცვალონ ძალადობასა და ჩაგვრაზე დამყარებული კლასობრივი საზოგადოება უკეთესი, უფრო სამართლიანი საზოგადოებით.

“პირდაპირი მოქმედება”, უკრაინული სტუდენტური პროფკავშირია, რომელიც 3 წელია რაც არსებობს და უკვე საკმაოდ აქტიურად იბრძვის სტუდენტების და არა მარტო სტუდენტების უფლებების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა უკრაინის მოსახლეობისათან შეფარდებით არც ისე დიდია, ისინი წლიდან წლამდე იზრდებიან და შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი, რის ნათელ მაგალითადაც

შეგვიძლია სწორედ მათ მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონტრ ფორუმი ავიღოთ, რომელიც , ხარვეზების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული გამოდგა და საზოგადოებისგან კარგი შეფასებებიც დაიმსახურა (მიუხედავად მედიის წარმომადგენლების სრული არაპროფესიონალიზმისა ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ისინი ნებით ან უნებლიედ ვერ არკვევდნენ აქციის მიზანს).

ჩასვლიდან მეორე დღესვე პირველი დიდი აქცია გაიმართა, მილიციასთან შეტაკებებითა (მაინც მოახერხეს ჩვენი პროვოცირება) და დაპატიმრებებით, ისმოდა ემოციური შეძახილები თანასწორობაზე, თავისუფლებასა და სოლიდარობაზე, ეს კი ჩვენთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მსგავსად ორგანიზებული და დამუხტული აქციები არ გვქონია ჯერ-ჯერობით თბილისში.

მიუხედავად მილიციის მცდელობებისა, აქციის მონაწილეებმა შეძლეს და არ აყვნენ ემოციებს, გააგრძელეს მსვლელობა მიხაილოვის მოედნისკენ, სადაც ახალგაზრდების ნაწილმა წრე შეკრა და გამომსვლელებს უსმენდა . თემები უამრავი იყო, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობებიდან დაწყებული, თეორიული საკითხებით დამთავრებული. იქვე ახლოს, სტუდენტების ნაწილმა ხატვა დაიწყო – მათ აშკარად ეტყობოდათ ადრეული საბჭოთა ავანგარდის გავლენა, ჩვენც, ჩვენი მხრიდან ქართულენოვანი ტრანსფარანტი გავაკეთეთ, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია თავისი გაურკვეველი ანბანით. იქვე რიგდებოდა “პირდაპირი მოქმედების” გაზეთები, ჟურნალები და სხვა ატრიბუტიკა.

 

კიევში ყოფნის მეორე დღეც მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა მესამე დღე უფრო საინტერესო და ამავდროულად დრამატული აღმოჩნდა. აქციის დაწყებამდე , მიხაილოვის მოედანზე, პატარა ბაღში შევიკრიბეთ, უკრავდნენ რევოლუციურ სიმღერებს, აკეთებდენ შეძახილებს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, გარემო ყველანაირად ხელს გიწყობდა იმისათვის, რომ რევოლუციურ განწყობაზე დამდგარიყავი. მილიციას თადარიგი უკვე დაჭერილი ჰქონდა, ისინი იქვე შორიახლოს, კოლონებად იყვნენ განლაგებულები.

მსვლელობა დაიწყო, მილიციამ არ დააყოვნა და სწრაფად გადაკეტა ყველა გზა, რომელიც განათლების მინისტრთა ფორუმის ადგილსამყოფელისაკენ მიდიოდა. აქციის მონაწილეებმა , მცირეხნიანი სკანდირების შემდეგ, ალტერნატიული გზით სცადეს დანიშნულ ადგილამდე მიღწევა, თუმცა მილიციამ და სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს ახალგაზრდები და რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ალყის დატოვების საშუალებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინული მილიცია და სპეცრაზმი გაცილებით ჰუმანური ჩანდა ქართულ პოლიციასთან და სპეცრაზმთან შედარებით, რომლებიც უკანასკნელი აქციის დარბევისას არაადამიანური სისასტიკით გაუსწორდნენ გაცილებით მცირე რაოდენობის აქციის მონაწილეებს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც.

სტუდენტები ყველა აქციაზე სკანდირებდნენ სხვადასხვა ლოზუნგებს, რომლებიც უკრაინული საზოგადოებისთვის სრულიად ახალ შინაარსებს შეიცავდა და აქცენტს აკეთებდა როგორც ცალკეულ სტუდენტურ მოთხოვნებზე, ასევე უფრო ფართო, ზოგად კლასობრივ მოთხოვნებზეც:

,,განათლება არ არის საქონელი, უნივერსიტეტი არ არის ბაზარი!” ,,თავისუფლება, თანასწორობა, სტუდენტური სოლიდარობა!” ,,ნაკლები ეკონომია, მეტი ავტონომია” ,,ძირს მინისტრები! ძირს კაპიტალისტები!” ,,ერთადერთი გამოსავალი – წინააღმდეგობა!” ,,არა ფაშიზმს! არა კაპიტალიზმს!” ,,თქვენ ჩვენ კორუფციას, ჩვენ თქვენ რევოლუციას!”

 

ყველაზე სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ რუსმა და ქართველმა სტუდენტებმა აქციაზე ერთად დგომით დავამტკიცეთ ელიტების შექნილი მითის სრული უსურობა, რომლებიც ეროვნული შუღლის გაღვივებით ცდილობენ საკუთარი ძალაუფლებების შენარჩუნებას. ორივე ქვეყანაში, ნაციონალისტურ სენტიმენტებზე მანიპულირებით ხალხის ყურადღება სოციალური საკითხებიდან “მტრის ხატზე”გადააქვთ . მათთან ურთიერთობისას გავაკრვიეთ, რომ რუს და ქართველ სტუდენტებს, უამრავი საერთო და ამავდროულად ფუნდამენტური პრობლემები გვაქვს განათლების სისტემაში, რომელთა გადაფარვასაც თითქმის იდენტური მეთოდებით ცდილობენ.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, სტუდენტური მოძრაობები მთელ პოსტ საბჭოთა სივრცეში იქმნება და დღითი დღე იკრებენ ძალებს. ფაქტია, რომ პროცესი დაიწყო.

ეს აქციები არ არის ლოკალური. რამდენიმე თვეა , რაც მსოფლიო მოიცვა საპროტესტო აქციებმა, ამერიკით დაწყებული, უკრაინით დამთავრებული – ყველგან არის განცდა იმისა, რომ სისტემა არ მუშაობს ადამიანზე და პირიქით, სისტემა – რომელიც კონკრეტულ პრივილეგირებულ ძალებს ემსახურება – ცდილობს ადამიანის თავის თავზე მორგებას, მის გაუცხოვებას სისტემისა და საზოგადოებისაგან, უქმნის ისეთ გარემოს, რომელშიც ადამიანს ორი გზა აქვს : ჩავარდეს აპათიაში და შეეგუოს, როგორ აბამენ თოკებს, ციხეს ურთავენ თეატრის დეკორაციებით და აქცევენ ერთი დიდი სპექტაკლის მაყურებლებად, სადაც ხარ თავისუფალი გააკეთო ორ “არჩევანს” შორის ერთ ერთი და ეს არჩევანი – ან კონფორმიზმია ან სპექტაკლიდან გაქცევა.

ჩვენ ვამჯობინებთ ბრძოლას : დარჩენას სპექტაკლში, რომელიც, ჩვენი ენთუზიაზმით, შესაძლოა პოზიტიურმა რეალობამ ჩაანაცვლოს.


პირველ რიგში, მოგესალმებით და გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! შენ სწორედ იმ დაწესებულებაში მოხვედი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შენი პროფესიონალად ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ წინასწარ გამზადებული ინფორმაციის დაზეპირებას, არამედ შენი, როგორც პროგრესულად მოაზროვნე, კრეატიული პიროვნების აღზრდას.
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან უამრავ დაპირებებს ისმენ ევროპული დონის განათლების მოცემაზე, ფაქტია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 1500 საუკეთესო სასწავლებელს შორისაც კი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციის მიერ აგებული ოქროს კოშკები, მხოლოდ და მხოლოდ, ილუზიაა; რეალურად კი, აქ წააწყდები უამრავ პრობლემას (სავარაუდოდ, რამდენიმე დაბრკოლება უკვე შეგექმნა) – დახურულ ბაზებს, გაურკვეველ ცხრილებს, ქსეროქსებში გადახდილ უამრავ ფულს. თუ ჯგუფები არ გადაივსო და ლექციაზე შესვლის ბედნიერება გერგო, აღმოაჩენ, რომ განათლების მიღების პროცესი არც ისე საინტერესოა, როგორსაც გიხატავდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სასწავლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ენაზე არც კი არსებობს. გაითვალისწინე, ეს პრობლემები გვხვდება უნივერსიტეტში, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი 9000 ლარს უხდის, რომელიც სამოქალაქო შეგნებას უნდა ნერგავდეს და არა შიშსა და მორჩილებას.
ამ ყველაფრის შესაცვლელად კი ერთადერთი გზა სტუდენტთა ორგანიზებული მოძრაობაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, თვითორგანიზებული ჯგუფი, „ლაბორატორია 1918“, რომელიც ღიაა ყველა სტუდენტისათვის. ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვიპოვოთ რეალური ავტონომია და ვაიძულოთ სისტემა გაატაროს ნამდვილი და ეფექტური რეფორმები. ეს ყველაფერი კი შენი მონაწილეობის გარეშე არ მოხდება. აიღე ის, რაც გეკუთვნის და არა ის, რასაც გაჩეჩებენ. შემოგვიერთდი!
შენ სტუდენტი ხარ – შენ ცოცხალი ხარ! გააქტიურდი!

ლაბორატორია 1918


29Sep11

ლაბორატორია 1918 სტუდენტთა თვითორგანიზებადი ჯგუფია, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებმა ჩამოვაყალიბეთ.

წლების განმავლობაში სასწავლო სისტემისა თუ სოციუმში მიმდინარე მოვლენებისადმი უკმაყოფილება ფრაგმენტული ხასიათის იყო. ლექციებს შორის შესვენებებზე, არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში ხშირად და ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე. არ მოგვწონდა საგანმანათლებლო სისტემა, მთავრობის პოლიტიკა განათლების მიმართულებით და არამხოლოდ. არ მოგვწონდა და დავცინოდით გულზემჯიღისმცემელ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სტრატეგიების გარეშე ვითომ პოპულისტურ დისკურსებს რომ ებღაუჭებოდნენ. არ მოგვწონდა ე. წ ინტელექტუალთა განწყობა, რომ ”ხალხი ბნელია”. ჩვენ დავდიოდით, ვცხოვრობდით, ვიყავით ამ ხალხის ნაწილი და სულაც არ მიგვაჩნდა რომ ბნელები ვიყავით. არ მოგვწონდა და ვაკრიტიკებდით საზოგადოებაში გაბატონებულ სხვადასხვა ე.წ ტრადიციულ განწყობებს . არ ვიზიარებდით შეხდულებას რომ ჩვენი პრობლემა თითქოს ქართველობის დაკარგვაა. ვაცნობიერებდით რომ სამოქალაქო საზოგადოება მთელი საზოგადოებაა და არა, მხოლოდ, ენჯეოშნიკური სექტორი. მოკლედ გვქონდა განცდა, რომ ჩვენ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა უნდა აგვეღო. ვხვდებოდით რომ თითოეულ ჩვენგანში იყო რესურსი, რომელსაც მეტი გავითარება სჭირდებოდა. ვწუწუნებდით, ვაანალიზებდით, ერთმანეთში ვიოხებდით გულს, ვეჩხუბებოდით ”თვითმმართველობას”, თუ რატომ არ აპროტესტებდა სწავლის გადასახადის გაძვირებას, ავტობუსების შემცირებას და ა.შ. ცხადი იყო, ყველამ ვიცოდით რომ ”თვითმმართველობა” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის არაფორმალური მინაერთია. ცხადი იყო, რომ ჩვენს ირგვლის არფერი თვისობრივად ახალი არ ხდებოდა და ნელ-ნელა თითქოს სისტემა გვაუძლურებდა. ამ ყველაფრის გამო ხშირად ვიყავით იმედგაცრუებულები შინაგანი პროტესტით დახუნძლულები და გავითარების ჟინით შეპყრობილები. აუცილებელი იყო ფრაგმენტული პროტესტის და ცვლილებების სურვილის ორგანიზება, ჩამოყალიბება. 2011 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავითარებულმა მოვლენებმა ( თვითმართველობის წევრები თსუს ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის საქმიანობის საჯარო კრიტიკის ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტებს. დამნაშავეები დღემდე არ დაუსჯიათ) ბიძგი მისცა სტუდენტებს შორის გაბნეული ფრაგმენტული პროტესტის კონსოლიდაციას. 2011 წლის მაისში უკვე სტუდენტთა თვითორგანიზებადი ჯგუფი ლაბორატორია 1918 შეიქმნა. ჩვენ ვართ სტუდენტები საშუალო ან საშუალოზე დაბალი კლასის ოჯახებიდან, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მარიონეტები. ნებისმიერი სოციალური თუ პოლიტიკური ფენომენი/სისტემა შექმნილია ადამიანების მიერ და თუ ადამიანებს ის აღარ მოსწონთ უდნა შეცვალონ. ლაბორატორია 1918-ის პრიორიტეტი ხარისხიანი განათლებაა. ნებისმიერი თანამედროვე, პოსტინდუსტრიული საზოგადოება ინფორმაციული ხასიათისაა და თუ მას გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარება სურს ცოდნის ინდუსტრია პრიორიტეტად უნდა აქციოს. ეს ყველაფერი ციფრებში შემდეგნაირად აისახება: ”განათლებაზე გაღებულ ხარჯებს თუ მოსახლეობის სულადობაზე გადავიანგარიშებთ, იგი საქართველოში მაცხოვრებელ ერთ ადამიანზე დაახლოებით 65 აშშ დოლარს შედაგენს, მაშინ როცა ბულგარეთში ეს მაჩვენებელი 520 დოლარამდე აღწევს, სხვა ქვეყნებში კი ასეთი მდგომარეობაა: სლოვაკეთი -700 აშშ დოლარი, უნგრეთი და პოლონეთი -1000-1000, ლიტვა და ლატვია -1100-1100, ესტონეთი და იტალია -1400-1400, საფრანგეთი-2000, დიდი ბრიტანეთი -2300, შვედეთი-2600, ნორვეგია – 2800, ლუქსემბურგი-3600 დოლარი. საქართველო ჩამორჩება ყველა ამ ქვეყანას ეკონომიკური განვითარების დონით, მაგრამ განათლებაზე გაღებული ხარჯები ორჯერ და მეტად ნაკლებია ეკონომიკურ ჩამორჩენაზე.” (”გამოწვევები საქართველოს განვითარებისთვის”, თბილისი 2010. European Choice For Georgia) როგორ აპირებს სტუდენტთა თვითორგანიზებადი ჯგუფი მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით ვიბრძოლებთ ცვლილებისთვის. ჩვენი უპირველესი ამოცანაა პროტესტი გახდეს მასშტაბური და გასცდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფარგლებს. საქართველოს ყველა უნივერსიტეტში შეიქმნას სტუდენტთა თვითორგანიზებადი ჯგუფები. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებულ თავისუფალ სახელოსნოსთან. ჩვენ თავად შევქმნით ისეთ გარემოს, როგორშიც გვსურს ცხოვრება (იხილეთ ლაბორატორია 1918-ის მანიფესტი https://laboratoria1918.wordpress.com/) შემოგვიერთდით!!!!

P.S 26 მაისს ჩვენ გავაპროტესტეთ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა და ავანტიურისტი ”ოპოზიციის” უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხალხისა და პოლიტიკური პროცესებისადმი. 28 და 29 მაისის სოლიდარობის აქციაზე სხვა სტუდენტებიც შემოგვიერთდნენ, იქ იყვნენ ადამიანები რომელთა მსოფლმხედველობასაც არ ვიზიარებთ, მაგრამ მიგვაჩნია რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს სამოქალაქო პროტესტი. ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს სოლიდარობის გამოხატვისთვის, ლაბორატორია 1918 არ იღებს ბურჯანაძის მადლობას და კიდევ ერთხელ ემიჯნება ავანტიურისტ, ძალაუფლებასდახარბებულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს.


პოლიციის მიერ პარლამენტის წინ მომიტინგეების დარბევას მოჰყვა ლაბორატორიის საპასუხო რეაქცია, რაც 26 მაისს დილით 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეკრებაში გამოიხატა.  შეკრებილმა სტუდენტებმა ერთი საათი დაჰყეს თსუ-ს მე-2 კორპუსის წინ. შემდეგ მოაწყეს მსვლელობა რუსთაველამდე, ჯერ შოთა რუსთაველის ძეგლთან შეჩერდნენ, შემდეგ პარლამენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია 1918-ს ჰქონდა წინა ღამით პრეს რელიზები გადაგზავნილი ტელევიზიებში, მათ არ გამოუთქვამთ შეხვედრის სურვილი.  სტუდენტები მივიდნენ პარლამენტის შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტები  იღებდნენ ინტერვიუებს გიგი წერეთლისა და ნუგზარ წიკლაურისგან. სტუდენტების გამოჩენისთანავე შეწყდა ინტერვიუები, მაგრამ სტუდენტებმა მოახერხეს ამ უკანასკნელი 2 პოლიტიკოსისთვის კითხვები დაესვათ და რამდენიმე ტელევიზიამ ჩაწერა ინტერვიუ სტუდენტებთან, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მაესტრომ გააშუქა სტუდენტური პროტესტის შემთხვევა. გთავაზობთ აღნიშნული დღის ფოტომასალას :


დღეს, 25 ივნისს ლაბორატორია 1918-ის ეგიდით სოციოლოგმა ემზარ ჯგერენაიამ წაიკითხა ლექცია ,,სიკვდილის ფიგურები ქართულ კულტურაში”. საუბარი წარიმართა სიკვდილის ფენომენზე და მასთან მიმართებებზე სხვადასხვა კულტურებსა და ეპოქებში. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია და გაეცა პასუხები სხვადასხვა თემატიკის კითხვებს.




Follow

Get every new post delivered to your Inbox.